თალაკვაძე: პარლამენტი მზად არის, თუ საგანგებო მდგომაროების საჭიროება დადგება, მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება

“საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სრული მზადყოფნაა, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება დადგება, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს”.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმები. ჩემის მხრივ, შემიძლია, გითხრათ, რომ პარლამენტის მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობს იმისათვის, რომ როცა იქნება ამის ჩვენება, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნაზე პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც კი, ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

„რა თქმა უნდა, პანიკა არ არის საჭირო. პანიკა აზიანებს საერთო პროცესს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე და ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გამოწვევას ვუპასუხოთ ეფექტურად, თავიდან ავიცილოთ ვირუსის იმ მასშტაბებით გავრცელება, რაც შესაძლოა, აზიანებდეს ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი.

„ახლა ამოცანაა, რომ ექიმებთან, ექნებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და ამით ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების შეკავებას. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც პატივს სცემს ამ მოცემულობას, ექიმების შრომას და შევძლებთ, ამ გამოწვევას ერთად ვუპასუხოთ ძალიან ეფექტურად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად