თალაკვაძე ოპოზიციას: ოპოზიციასთან შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დღეს შედგა შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის, სადაც განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხები. ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ ჩვენთან საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. მათ ისაუბრეს, საპარლამენტო არჩევნების მოდელზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო ბარიერზე და სხვა. ცნობილია, პრინციპები რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.

დიალოგი გაგრძელდება და გვჯერა მომავალში ჩვენ ყველანი გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა და შეთანხმებისათვის. ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვთ უახლოეს დღეებში წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ცვლილებებს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

ამ საკითხებს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ მმართველ გუნდში, ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების პოზიცია და უახლოეს პერიოდში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციასთან", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

კომენტარები
იტვირთება...