თალაკვაძე: ნებისმიერ ინიციატივას, რომელშიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მხარს არ დავუჭერთ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზაციას ეხება.

“აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი.” – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ დღეს კრიტიკულად შეაფასა.

„გიორგი ვოლსკი აქ არ არის და თავს უფლებას მივცემ გიპასუხოთ მასთან დაკავშირებულ რეპლიკაზე. მან ამომწურავად და ძალიან მკაფიოდ ისაუბრა თავის ბრიფინგზე. მან გითხრათ პოზიცია, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა ამ ინიციატივასთან და ზოგადად, მიდგომასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ აირჩიეთ. როცა საუბრობთ, გვინდა კონსტრუქციული თანამშრომლობა და შეთანხმება, თუ მართლა ასე ფიქრობთ, მაშინ ცოტა ალოგიკურად ხომ არ გეჩვენებათ რომ ჯერ რეზოლუცია გამოიტანეთ, განხილვა მოითხოვეთ და როცა ჩავარდა კომიტეტზე, გვეუბნებით, რომ მოდით კომისიაში შევთანხმდეთ ამაზე.

ქრონოლოგიურად, წესით პირიქით ხდება. ჯერ უნდა გაიაროთ პოლიტიკური კონსულტაციები და როცა შეთანხმება შედგება მერე უნდა დააინიციროთ ისეთი დადგენილებები, სადაც გინდათ რომ შეთანხმება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე მართლაც მოხდა ასეთი შეთანხმება და შემდეგ მოხდა მისი ინიცირება. სანქციებს რომ ითხოვდით დადგენილების პროექტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, ამაზე უკვე მიღებული გვაქვს რეზოლუცია. არ ვიცი რას ემსახურებოდა თქვენი მიზანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიცია ვერ უკარნახებს როგორ წარმართოს ამა თუ იმ საკითხში პოლიტიკა.

„შეგახსენებთ, რომ დღეს, ქვეყანაში მართვაზე ხელისუფლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, პოლიტიკას სხვადასხვა სფეროში აყალიბებს მმართველი გუნდი და ხელისუფლება. თქვენს დახმარებას მივესალმებოდით, თუ მართლა დაგვეხმარებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი პოლიტიკა და ა.შ. თქვენ განსაზღვროთ და ჩვენ დაგეთანხმოთ. ეს მოხდება მერე, თუ თქვენ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და შედეგს აჩვენებთ. თქვენი საგარეო პოლიტიკა ნანახი გვაქვს, ეს სერია საქართველოს ნანახი აქვს. ნახეთ, რა მოგვიტანა მაშინ იმ დეოკუპაციის პოლიტიკამ.

შედეგი იყო ის, რომ ოკუპაცია გაღრმავდა ისე, რომ 200-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ, შედეგი იყო ის, რომ როცა ომის დროს ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს, მთავრობის ნაწილი გაქცეული დახვდა, სამხედრო ტექნიკა დატოვა ხელისუფლებამ სხვადასხვა ხეობებში, მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ მიაღწია 20%-ს. იმის ნაცვლად, რომ თქვენ დაიჭიროთ საერთო, ეროვნული პოზიცია და ხელისუფლებას დაუჭიროთ მხარი ამ ყველაფრის შეკავებაში, გამოდიხართ და ხელისუფლებას ეუბნებით, რომ ის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აკეთებს, უფრო აგრესიულ ნაბიჯებს არ დგამს და ა.შ. აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება.

ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ეგრე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.
დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად