თალაკვაძე “ნაცმოძრაობას”: როდის მერე გახდით ხაზარაძის და საერთოდ, ბიზნესის დამცველები?

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ინფრასტრუქტურის მინისტრს და ვიცე-პრემიერს პარლამენტში  წარმოედგინა ანგარიში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილმა  გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პროექტზე საჯარო ინტერესი მაღალია და მინისტრმა ამომწურავი და რეალური ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატებს და საზოგადოებას“.

უმრავლესობის ლიდერმა რვა პუნქტიანი ფაქტობრივი ინფორმაცია წარმოადგინა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით:

„პირველი – გავიგეთ თუ როგორ ვითარდებოდა პროექტი. 2014 წელს 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ დააინიცირა ანაკლიის პროექტი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროექტი სახელმწიფომ წამოიწყო და იგი არ წამოუწყია რომელიმე ინვესტორს ან რომელიმე ბიზნესმენს. ვერც ერთ რომელიმე ადამიანს ვერ ექნება პრეტენზია, რომ მან წამოიწყო ეს პროექტი.

მეორე –  პროექტს სწორედ სახელმწიფომ გადასცა შესაბამისი უძრავი  ქონება, საკმაოდ დიდი რაოდენობით და დიდი ფართობები იმისათვის, რომ აშენდეს პორტი და თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურა.

მესამე – სახელმწიფომ გააკეთა თანამონაწილეობა ამ პროექტში იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო შესაძლებელი და გონივრული.

მეოთხე – სახელმწიფომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა სპეციალური გარანტიები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

მეხუთე – სახელმწიფომ რამდენჯერმე გააკეთა პირობების დაკორექტირება, მინიმუმ 40 ცვლილება არის შეტანილი სხვადასხვა დროს ხელშეკრულებებში მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ პროექტს არანაირი ბარიერი არ შექმნოდა და ის განხორციელებულიყო წარმატებით.

მეექვსე – ვადებთან დაკავშირებით მოხდა რამდენჯერმე კორექტირება და გადავადება.

მეშვიდე- სახელმწიფომ თავისთავზე აიღო გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაკეთება. სახელმწიფო რამეს კი არ აგვიანებს, ექვსი თვით ადრე ექსპლოატაციაში გაშვებამდე უნდა იყოს მზად გზა და ამის სათანადო რესურსი სახელმწიფოს აქვს მობილიზებული.

და  მერვე- სახელმწიფომ 100 მილიონის ოდენობის სუბორდინირებული სესხი დაამტკიცა ამ პროექტისთვის. მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ გადაწყვეტილებების მთელი ეს ჯაჭვი ადასტურებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დღემდე იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო წარმატებით. ყველაფერი გააკეთა კანონის და გონივრულობის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას კითხვებით მიმართა, ეთანხმებიან თუ არა იმას, რომ ტვირთების ბრუნვაზე გარანტია მოსახლეობამ და სახელმწიფომ თავისი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს? ტვირთების დეფიციტი თუ მოხდება პორტში, მოსახლეობამ უნდა აანაზღაუროს? „არ ეთანხმებით, მე მომწონს რომ ასეთი სწორი რეაქციები გაქვთ. ეს იყო ერთ-ერთი საინვესტიციო პირობა, რომელიც განიხილებოდა და აგერ ხომ ხედავთ თქვენც, ამ პროექტისათვის თავდადებული ოპოზიციონერებიც კი არ ეთანხმებით ამ პირობას“ – განაცხადა მან.

მისი  თქმით, გაუგებარია ელენე ხოშტარიას კითხვა თუ  რას ემსახურება დღევანდელი  დისკუსია პარლამეტში. ცნობისთვის საპარლამეტო ოპოზიციამ მინისტრის, საგარეო საქმეთა კომიტეტში მოწვევა მოითხოვა. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს და საქართველოს მოსახლეობას პლენარულ სხდომაზე გააცნო ანაკლიის ირგვლივ დღეს არსებული ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია.

„ჩვენ გვეკითხებით, თუ რას ემსახურება ეს დისკუსია? ბოლოსდაბოლოს გაგვაგებინეთო, ქალბატონო ელენე, თქვენ არ მოითხოვეთ ამ საკითხის განხილვა პარლამენტში? ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ყველაფერი რაზეც ვლაპარაკობ. თქვენ გაინტერესებდათ ეს ამბავი, თქვენ მოითხოვეთ ეს განხილვა პარლამენტში. მინისტრს უთხარით საგარეო კომიტეტზე მობრძანდითო.  მინისტრი პლენარულ სხდომაზე მოვიდა და ნებისმიერ კომიტეტს და კითხვას პასუხობს და დღეს როგორი წარმოდგენილები ხართ აქ გიყურებთ, და დაე საზოგადოებამ დაგთვალოთ“ – მიმართა თალაკვაძემ ელენე ხოშტარიას.

„ინვესტორების რისკის დაზღვევა ნიშნავს რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს სცილდება მთავრობის კონტროლს, თუ ცვლილებებმა – გლობალურმა ან ლოკალურმა, რასაც მთავრობა ბუნებაში ვერ გააკონტროლებს, რამე გავლენა მოახდინოს პროექტზე ესეც მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს და ბიუჯეტმა. ეთანხმებით ამ პირობას პორტის განხორციელების სანაცვლოდ? მიპასუხეთ კი თუ არა? შემდეგი საკითხი – კონსორციუმი აცხადებს ინვესტიციები გვაქვს სრულად მოზიდულიო – თუ მოზიდულია ყველა ინვესტიცია და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, ქვეყანაში არის მშვიდი ვითარება, არც ომი გვაქვს, არც არანაირი ფორსმაჟორი, მაინტერესებს ხელს რა უშლის ამ პროექტის განხორციელებას? ვერ მოვისმინეთ კონკრეტული პასუხი თქვენგან. როგორც აცხადებენ მაგიდაზე დევს ყველა პირობა, ჩვენი მხრიდან მთავრობამ აგერ თქვა რა გააკეთა და რისთვის არის მზად. იქითა მხრიდან კონსორციუმი ამბობს რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზად არის და პირობებს ვასრულებთო, თქვენ მაშინ რაზე ნერვიულობთ, აი ეგ მიზეზი რომ მითხრათ უბრალოდ. ჰოდა თუ არ გქონდათ სანერვიულო რაღას დაიბარეთ მინისტრი პარლამენტში?“, – მიმართა ოპოზიციას თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა რომან გოცირიძეს მიმართა კითხვით, თუ როდის გახდა პირადად ის და მისი პარტია ხაზარაძის დამცველი:

„სამი თვის წინ თქვენი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ძალიან შევცდი თავის დროზეო, რომ ხაზარაძეს ბანკი არ წავართვიო. სხვა განცხადებებსაც შეგახსენებთ თქვენი პარტიიდან. როდის მერე გახდით ხაზარაძის და, საერთოდ, ბიზნესის დამცველები? იქნებ ამაზეც გვითხრათ ორი სიტყვით. თქვენს გამოსვლაში ამაზე არაფერი გითქვამთ. დასასრულ, რამდენიმე განცხადება მოვისმინე, რომ ვიღაცას უნდა პორტი წაართვას ვინმეს, ჯერ ერთი პორტი ჯერ არ არის აშენებული, და რისი წართმევა უნდათ – ვალდებულებების, ხელშეკრულებების თუ, ან და თუ წართმევა უნდათ მაშინ რატომ მისცეს სესხი, რატომ დააკრედიტა სახელმწიფომ სუბორდინირებული სესხი, რატომ გადაუვადეს ვადები, თუ წართმევა უნდოდათ რატომ შეუცვალეს პირობები ისე, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო ჰქონოდათ. დახმარება, მხარდაჭერა სახელმწიფომ რატომ გამოიჩინა?“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა და აღნიშნა, რომ  ოპოზიციის ბრალდებები ამ შემთხვევაში არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

არჩილ თალაკვაძემ  კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისათვის არის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება.

„ანაკლიის პორტი ეს არის ეკონომიკის და უსაფრთხოების პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი და დიდმასშტაბიანი პროექტი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები. აქეთა მხრიდან, ვინც თქვენ პარლამენტში გყავდათ დაბარებული, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთებულია გზის და რკინიგზის გარდა, რომელზეც საკმარისი ვადა აქვთ დარჩენილი სამინისტროს და მთავრობას რომ გააკეთოს. ისინი ამბობენ, რომ ამ პირობას შეასრულებენ, ექვსი თვით ადრე პორტის გაშვებამდე, როცა ყველაფერი გაკეთდება იქ, მზად იქნება  ეს ინფრასტრუქტურაც ფუნქციონირებისათვის. კიდევ ერთხელ, ძვირფასო მეგობრებო, სწორება გავაკეთოთ მომავალზე, სახელმწიფო ინტერესების გარშემო ვცადოთ მეტი კონსოლიდაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, რაც დღეს სხდომათა დარბაზში მოხდა ეს არ იყო საქმიანი საუბარი, ელემენტარული არგუმენტებიც არ ჩანს იმ კითხვების უკან, რომლებიც ოპოზიციამ დასვა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ მოვლენებს რომლებთანაც არც პირდაპირი და არც ირიბი, გონივრული  მტკიცებულებები  და არგუმენტები არ აქვთ იმის შესახებ, რომ ეს საკითხები ურთიერთდაკავშირებულია.

არჩილ თალაკვაძემ, კიდევ ერთხელ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ანაკლიის პორტის პროექტს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...