თალაკვაძე: მთავარ საკითხებზე განწყობა პოზიტიურია, იმედი მაქვს, შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებებს

გრძელდება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ჯგუფის წევრები მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.

„გუშინ, ძალიან საინტერესო და გრძელი სამუშაო დღე გამოვიდა. განვიხილეთ თითქმის 18-მდე საკითხი და ინიციატივაა, რაზეც ჩვენ კიდევ მოგვიწევს მსჯელობა. თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ, რომელიც ჩაითვალა, რომ არის აქტუალური და რაზეც ელოდებით პასუხებს“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხების საქმიანი განხილვა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოების მეტად ინფორმირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგია, რომ მედიის, ასევე საზოგადოების მხრიდან მოჰყვა საკმაოდ აქტიური დისკუსია თემებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ.  მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია, კრიტიკული მოსაზრება, საქმიანი განხილვა ამ საკითხების, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ერთად, მეორეს მხრივ, საზოგადოებაშიც იყოს მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ და რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრები დღეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე, გამჭვირვალობასა და მონიტორინგის მექანიზმებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ასევე მმართველი  გუნდის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული იმ საკითხებისა და პრინციპების განხილვა, რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული.

საარჩევნო კანონმდებლობის  რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.  სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო  საზოგადოება და  საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული კონსულტაციების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად