თალაკვაძე: მოწინააღმდეგეები ცდილობენ, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს რუსული ძალების გააქტიურებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველო თავის მომავალს ხედავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტული მიღწევები. ეს არის ნიშანი იმის, რომ საქართველოში ძლიერდება დემოკრატია, ძლიერდება ჩვენი საერთო ღირებულებები და არა სხვა ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.

როგორც გითხარით, მეტი პროგრესის, მეტი მიღწევების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ძალისხმევა აქვს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია. ეს არის გამოწვევა ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, ვინც აირჩია დემოკრატია. ჩვენ ვიმყოფებით რთულ რეგიონში, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა და რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის დაგეგმვაში ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ. მე მჯერა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად დგამს სწორ ნაბიჯებს და მომავალშიც გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს მიღწევები და ეს არჩევანი საქართველოს და ქართველი ხალხის, არ დადგეს არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც მოისმინეთ, ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაც”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს, თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდა.

“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია იყო ყოველთვის ნათელი, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს ვუჭერთ სურვილს, იყოს ერთიანი”. – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...