თალაკვაძე: მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით,  რომლებიც ინფექციის სრულ განეიტრალებამდე არის საჭირო

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით,  შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მუშაობს საგანგებო რეჟიმში. შესაბამისად, დღევანდელი ბიუროს სხდომა არის იმიტომ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე ჩავატაროთ სხდომები, განვიხილოთ ყველა ის აუცილებელი საკითხი, რომლითაც მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტას.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა უკვე პრემიერ- მინისტრმა და ამ მომენტისთვის ობიექტური საფუძვლები, რის გამოც ფართო შეზღუდვები, ანუ საგანგებო მდგომარეობა და მისი გაგრძელება შეიძლება, იყოს საჭირო, ამ მომენტისთვის არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როდესაც უფრო ლოკალური ხასიათის, უფრო შევიწროებული იქნება ის ღონისძიებები და შეზღუდვები, რომლებიც მაინც საჭირო რჩება ჯერჯერობით, ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება არ მოხდება ან არ მოხდება მისი სრული ლოკალიზება.

როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ინფექციის მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და ამ რეჟიმში მოგვიწევს, რომ ვისწავლოთ ინფექციის პარალელურად მუშაობა, ვისწავლოთ პროცესების მართვა, რაც უკიდურესაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, რომლის ინიციატორები ჯანდაცვის კომიტეტის წევრები არიან, ორი კანონპროექტისგან შედგება. მას ახლავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. ინიციატორი კანონის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად