თალაკვაძე: კორონავირუსი ადამიანებს არ გამოარჩევს სოციალური სტატუსის, თანამდებობის თუ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით – ის ყველასთვის საფრთხეა

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსი ადამიანებს არ გამოარჩევს მათი სოციალური სტატუსის, თანამდებობის თუ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით – ის ყველასთვის საფრთხეა”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს.

“ჩვენ ვნახეთ არაერთი სამწუხარო კომენტარი ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაკეთდა ძალიან უსამართლო რეპლიკები. უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსი ადამიანებს არ გამოარჩევს მათი სოციალური სტატუსის, თანამდებობის თუ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით – ის ყველასთვის საფრთხეა. თქვენ ნახეთ, რომ კლასტერებში არიან სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები. თუ ვინმე დაუშვებს შეცდომას, თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ბოლომდე თავის პასუხისმგებლობას, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ერთმა ჯგუფმა ან მედიამ ეს ფაქტი უნდა გამოიყენოს ამ ადამიანების მიმართ სტიგმის და აგრესიის შესაქმნელად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს დეტალურად განემარტოს სოციალური დისტანიცირების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ამ ვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა ისიც, რომ უპასუხისმგებლობამ შესაძლოა, ექიმების რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგები გააბათილოს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად