თალაკვაძე: კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მიწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სახელით კონსტიტუციის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას უკავშირდება.

„გვეამაყება, რომ 1921 წელს, დამფუძნებელთა კრებამ დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც პროგრესულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდა. გვეამაყება, რომ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ასევე, შეძლო ისტორიული მისიის შესრულება, წარმატებით განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, დახვეწილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მტკიცე საფუძველს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს.

მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია საქართველოს  სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში.

„ის აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით. შემოაქვს პოლიტიკური ბალანსი, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, არჩევნების პროპორციული სისტემა და ოპოზიციის გაფართოებული უფლებები. რაც მთავარია, აღიარებს თავისუფალ ადამიანს უზენაეს ღირებულებად“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის სპიკერის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის.

„სიმბოლურია, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ, რადგან კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთობის გარანტიაა. კონსტიტუციით ჩვენ ვუკავშირდებით სახელმწიფოს და სახელმწიფო გვიკავშირდება ჩვენ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება. მე მჯერა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების კვალდაკვალ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მომავალში დავიწყებთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას  საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...