თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე: ცოტა გაუგებარია, რას ემსახურება შედეგების დემონსტრაციის მეორე დღეს გამოქვეყნება

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

“საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მეტად მოქალაქეებს და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს ვენდობით”.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვის რა რეიტინგი აქვს 2020 წლის არჩევნებში გამოჩნდება და იქ ობიექტურად გაიზომება, როგორც ლიდერების, ისე პარტიების რეიტინგები.

„პირდაპირ გეტყვით, 2020 წელს რა არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, ჩვენ მივიღებთ და ვენდობით ამ არჩევანს. IRI-ის კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთა ნაწილიც დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევიან. თუ მათ სჯერათ ამ შედეგების და სჯერათ, რომ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები, მაგალითად მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. თუ IRI-ის შედეგებს დავუჯერებთ, ოპოზიციურ ლიდერებს წარსულში და მომავალშიც, გარანტირებული აქვთ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება“,-აცხადებს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ IRI-ის კვლევაში საზოგადოება მათ შორის გამოკითხულია არჩევნების მოდელთან დაკავშირებითაც, ამ კვლევის შედეგების კენჭისყრამდე, ანუ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოქვეყნება უფრო წაადგებოდა პოლიტიკურ პროცესს.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩება, რას ნიშნავს და რას ემსახურება ამ შედეგების დემონსტრაციის მეორე დღეს გამოქვეყნება. ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა IRI-ს ეს შედეგები კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოექვეყნებინა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად