თალაკვაძე: დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში, გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნატო-ს შეხვედრამ ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სქართველოს ალიანსის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა და რომ ვალდებულებები და პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სათანადოდ შეფასებული და დანახული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი, ოპოზიციის ჩართულობით ახორციელებს, ეს არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმები და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

დემოკრატიის ეს დონე, ბუნებრივია, მოითხოვს უფრო ძლიერ მხარდაჭერას, ეკონომიკურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მე სწორედ ამაზე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა ესაჭიროება დღეს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია.

იყო საუბარი ოკუპაციაზე, ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ეს არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ეს არის ის, რაც დღესაც გრძელდება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა. დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან. დღეს მე და ჩემს კოლეგებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოგვეცა შანსი ამომწურავად გადაგვეცა ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად