თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს

“ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, რთული გამოწვევების წინაშე დგას.

მისი თქმით, გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო პატიმრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით.

“ჩვენი პასუხი არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგო უსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის და მომავლის არარსებობის წინაშე. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას. მინდა კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყველა იმ სიკეთით ისარგებლოთ, რაც საქართველოში შევქმენით, ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად