თალაკვაძე: არავის მივცემთ მიზეზს, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს

“მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია, არავის მივცემთ მიზეზს, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე გასული წლის გაწეული საქმინობის ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან  საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და  აღნიშნა, რომ  ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ის საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება.

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში.

რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი.

მიუხედავად ამისა, მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამ საკითხთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას ამ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და საქართველოში დაგეგმილი ევროსაბჭოს კომიტეტის ფარგლებში, შესაძლოა, ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად