თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზვიად ქირიას განცხადებების ტონალობა იყოს სტრესით განპირობებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ლილოს ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის საკითხი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი.

არჩილ თალაკვაძე „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებას, რომ ბაზრობაზე ხანძარი შესაძლოა, განზრახ გააჩინეს, სტრესს უკავშირებს.

„ბუნებრივია, როდესაც ხანძარი ხდება, მესაკუთრეებისთვის ეს სტრესია. არ გამოვრიცხავ, რომ მისი განცხადებების ტონალობა იყოს სტრესით განპირობებული. თუმცა, რაც ამ ადამიანმა ისაუბრა, ჩემი აზრით შეუსწავლელი არ უნდა დარჩეს. კანონმდებლობა ზუსტად ითვალისწინებს, რა ხდება ასეთ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის საჯარო განცხადებები კეთდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...