თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნებში მეორე მიზანი იქნება, რომ პარლამენტში მყარი უმრავლესობა მივიღოთ

“არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვისთან და ვის შორის შეიძლება, კოალიციური შეთანხმებები შედგეს.”- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე ოპონენტების განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი, საპარლამენტო პარტია და რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი მიზანი იქნება, გახსნილი, კონკურენტული გარემო შეიქმნას პოლიტიკური პარტიებისთვის.

“როგორც ხედავთ, ამას ვაკეთებთ და მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც გვაქვს. 2020 წლის არჩევნებში ჩვენი მეორე მიზანი იქნება, რომ პარლამენტში საკმარისი, მყარი უმრავლესობა მივიღოთ იმისთვის, რომ მმართველობასა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ.

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ვუთხრა, რომ პატივს ვცემთ და ვენდობით იმ გადაწყვეტილებას, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებენ. მზად ვართ, მომავალი და პოლიტიკური პროცესი ზუსტად ისე დავგეგმოთ, როგორც ამას ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს. რაც შეეხება მცირე პარტიებს, როგორც ახლა იკვეთება, კონსენსუსი რეალურად მიღწევადია და ყალიბდება მცირე და დიდი პარტიები, ძველი და ახალი პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საარჩევნო რეფორმა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, მაქსიმალურად თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ რეალურ შესაძლებლობებს მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა მოიპოვონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად