თაკო ჩარკვიანი: ენმ-ში ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელება ბევრს მოეწონა, ზოგს კი სხვა კანდიდატი ჰყავს

“ნაციონალურ მოძრაობაში” გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელება ბევრს მოეწონა, ბევრს მოეწონა, მაგრამ გაუხარდებოდა თუ ეს კანდიდატი მათი პარტიიდან იქნებოდა, ზოგს კი სხვა კანდიდატი ჰყავს, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს.

_ პრემიერ-მინისტრის პოტენციურ კანდიდატად ცოტა ხნის წინ დაასახელეთ გიორგი ვაშაძე. შემდეგ თითქოს გაჩერდა ეს თემა. რა ხდება ამ თვალსაზრისით?

_ არა, არც არაფერი გაჩერებულა და არც არაფერი დაწყებულა. მე უალტერნატივოდ არც დამისახელებია და ჩემს იმ განცხადებაში ეს ვთქვი კიდეც. ვთქვი, რომ რადგანაც ვერ ხერხდება ეს კონსოლიდაცია, ამიტომ გავაჟღერე ეს იდეა. იყო განცხადებები, რომ მიშასგან იყო წამოსული ეს ინიციატივაო, მაგარმ ეს ასე არ არის, თუმცა სააკაშვილმა 2018 წელს თქვა ვაშაძეზე, რომ ახალგაზრდა კაცია და კარგი პრემიერი იქნებოდაო. ეს მე დავიმახსოვრე და ჩემთვის ვფიქრობდი, როგორი კანდიდატურა შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ძალიან ბევრისთვის მისაღები იქნებოდა და აქედან გამომდინარე მივედი ამ იდეამდე.

_ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წინააღმდეგ. ამაზე რას გვეტყვით?

_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს მოეწონა ეს აზრი, ძალიან ბევრს მოეწონა, მაგრამ უფრო გაუხარდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ყოფილიყო, რაც ნორმალურია. არის მესამე ნაწილი, რომელსაც სხვა კანდიდატი ჰყავს.

_ ვინ არის ის სხვა კანდიდატი?

_ ამაზე მე ვერ დავიწყებ საუბარს, ეს ჩემი მხრიდან ძალიან უხერხული იქნება. ამიტომ მე თავს შევიკავებ ამის დასახელებისგან. მე ვთქვი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოებული ფორმატი თავისი თავის ამოწურვისკენ წავიდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფორმატი „ძალა ერთობაშია“ არ დაგვიხურავს და ვხვდებით ხოლმე სასაუბროდ. ერთ-ერთ სამუშაო შეკრებაზე მივედი ჩემს კოლეგებთან და გავაჟღერე ეს იდეა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს შტაბის ხელმძღვანელი იყო გიორგი ვაშაძე, რომელსაც ნდობა გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მანაც ძალიან ერთგულად წაიყვანა ეს პროცესი. მანამდე სააკაშვილმა დაასახელა ასევე უწყინარ ფორმატში, რომ კარგი პრემიერი იქნებოდაო. მე ჩემს კოლეგებს მივმართე, რომ ამ კანდიდატზე ვიფიქროთ-მეთქი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად