თაკო ჩარკვიანი: თუ ივანიშვილი მმართველობას ასე გააგრძელებს, ერთადერთი გზა – ხალხის ჯანყი რჩება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თუ ივანიშვილი მმართველობის ამ ფორმას გააგრძელებს როგორც დღეს ხდება და დასავლეთის კრიტიკას არ გაითვალისწინებს, მაშინ გამოდის, რომ ივანიშვილი მიდის სირიის ლიდერის გზით და პუტინზე უარესი ხდება.

როგორც ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა, ასეთ ვითარებაში ქართველ ხალხს ერთადერთი გზა რჩება და ამას ჰქვია ხალხის ჯანყი.

თაკო ჩარკვიანს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაძლიერებული კრიტიკის შესახებ ვთხოვეთ შეფასება.

„ეს იმ კურსის ნაწილია, რომლის მიმართაც პრეტენზია მე პირადად მაქვს. ეს არის უგუნურება და თქვენც მოისმენდით “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან შემაშფოთებელ ფრაზებს, რომ გარედან უნდა გვიკონტროლებდნენო? ამერიკა კი არ გვიკონტროლებს, არამედ ის არის ჩვენი პარტნიორი. გვინდა, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხალხმა ეს ჩვენი პოზიცია უკვე გამოვხატეთ. ამერიკა კითხულობს იმას, თუ როგორ პარტნიორთან უნდა გააგრძელოს მან ურთიერთობა, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან თუ აღარ არის ბიძინას პოლიტიკით ეს სახელმწიფო დემოკრატიით ძლიერი? რა ხდება ამ ქვეყანაში, შეიცვალა ვექტორი და კურსი თუ არა? ამაზეა საუბარი. მათ აინტერესებთ, ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოსთან აგრძელებენ თუ ქვეყანასთან სადაც სახელმწიფო ინსტიტუციებს ანგრევენ, სამართლებრივი სისტემა განადგურებულია, გავრილოვი ჩამოყავთ, საკანონმდებლო ორგანოს მთავარ სკამში სვამენ, ხალხი ქუჩაშია. ეს ვის გამორჩებოდა?!

ჩვენ ნატოში გაწევრიანება რომ გვინდა, იმიტომ კი არ გვინდა, რომ ვინმეს თავს დავესხათ, არამედ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის მაღალი შესაძლებლობა გვქონდეს. ჩვენ გვინდა დასავლური ღირებულებების ქვეყნების სრულფასოვანი პარტნიორები ვიყოთ. შესაბამისად ამერიკა, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს, აინტერესებს, როგორ ქვეყანაში აგრძელებს ის მას. მეტსაც გეტყვით, მალე დელეგაცია ჩამოვა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კითხვაზე, არსებულ ვითარებაში რაში მდგომარეობს გამოსავალი, მაშინ როდესაც გაძლიერებულია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ „ოცნებისგან“ რეაგირება ფაქტობრივად არ ჩანს? – რაზეც თაკო ჩარკვიანი პასუხობს:

„ახლა ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] თუ კიდევ არ შეიმჩნევს ამ კრიტიკას და შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მას არჩეული აქვს სირიის მმართველის გზა, სხვა ვარიანტი აქ არ არის. ეს ნიშნავს, რომ სულ მთლად გამოტვინდა, საკუთარ თავზე ხელი აიღო და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აპირებს წასვლას“, – ამბობს ჩარკვიანი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ამით ის გამოჩნდება, რომ პუტინზე უარესი ხდება? – პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ასე გაგრძელდა და არაფერი არ შეიმჩნიეს, ერთადერთი გზა რჩება ქართველ მოსახლეობას. იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი – ეს არის დასავლური ვექტორი. თუ არაფერი შეისმინა ამ კაცმა და ასეთი შიმშილობა გაგრძელდა, უსამართლობა  გაგრძელდა, მაჩალიკაშვილი სამართალს ვერ ნახულობს და ასე გამოდის, რომ მას ლამის დასცინიან. კაცს დაზარალებულის ცნობა არ მისცეს. ეს ხდება 21-ე საუკუნეში. თუ ასე გაგრძელდა, ერთი გზა რჩება, ამას ჰქვია ხალხის ჯანყი.

ამბობენ სიტყვის თავისუფლება არისო, კი ბატონი, მაგრამ რაღა სიტყვის თავისუფლება გამოდის, როდესაც შენ დაახვედრებ შერჩევით სამართალს. როდესაც ოპოზიციურ ტელევიზიებს დაადებ ინკასოს საბიუჯეტო დავალიანებების გამო და შენს მომხრე ტელევიზიებს არ დაადებ. ეს არ არის სიტყვის თავისუფლებაზე დარტყმა?! შენ ამ ფორმით ცდილობს გაანადგურო ოპოზიციური ხმა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით გააკრიტიკეს. ამას დაემატა ჟურნალ The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, სადაც დემოკრატიის ინდექსია მოცემული და რომელშიც საქართველო დემოკრატიით რეგიონის ლიდერი აღარ არის და მას სომხეთი უსწრებს. ამ მაჩვენებლებში საქართველოს 167 ქვეყნიან სიაში 89-ე ადგილი უკავია და სამი ადგილით ჩამორჩება სომხეთს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად