თაკო ჩარკვიანი აქციის ორგანიზატორებს: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერად რატომ ტოვებთ, ვერ ვხვდები

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებს მიმართავს.

„ჩრდილოვანი კაბინეტი“, როდის გამოხვალთ ჩრდილიდან და პატარ-პატარა ლოკაციებიდან დიდ ლოკაციაზე, „სახალხო სეირნობა“ როდის მორჩება. კითხვა მაქვს მარტივი, მესმის, რომ 900 ათასი ამომრჩევლიდან არ გამოდის ქუჩაში ამდენივე, (ასე ხდება ხოლმე), რეგისტრირდებიან (ფბ-ში წერენ, მაგრამ არ მოდიან), მაგრამ 40 და 30 ათასი რომ გამოდის ხომ ვნახეთ, უკვე თან ბევრჯერ, ხომ ასეა?! ჰოდა 40 ათასი რუსთაველზე უფრო კარგია სტრატეგიულად თუ „1 000 კაცით“ „გაბრაზებულად სეირნობა“ სხვადასხვა ლოკაციაზე და თან მხოლოდ ნაცპარტიის ლიდერებით. ამას ვამბობ – ვიმეორებ („ზოგიერთისთვის“ ტვინში რომ შეუშვან), კაცი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერად რატომ ტოვებთ ორგანიზატორები, ვერ ვხვდები.

მე, ერთი მოქალაქე, დღეს იმიტომ გამოვდივარ რესპუბლიკის მოედანზე, რომ სახელმწიფო მომტაცა შვიდკაციანმა ბანდამ, რომელსაც „ხელისუფლება“ ჰქვია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც მკვლელობის მონაწილედ გვხდის და არა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ სუსტ და ნაადრევად შექმნილ „ჩრდილოვან კაბინეტს“ ვუყურო“, ჰოდა ამაზე იფიქრეთ „ზოგიერთმა“, არ ვიცი, ვის ეხება, რომელ „ჩრდილოვან ლიდერს“ (ვინც მიიღებთ საკუთარ თავზე იმას).

ხალხს ტრიბუნა მიეცით, იქნებ უკეთ მიხედონ საქმეს. (თქვენ მოემსახურეთ „ჩრდილოვანი კაბინეტიდან“), ასე უფრო წაადგება ქვეყანას. სულ მთლად „ჩრდილოეთის“ ანუ „რუსეთის“ მსახური ხელისუფლება გადაბარებას გვიპირებს და რა დროს ნაადრევი ამბიციებია.

15:00 საათზე, მოვდივარ, (როგორც ყოველთვის) ჯერ მოქალაქე და მერე პოლიტიკოსი“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები
იტვირთება...