„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალეფექტიანი კოორდინაციის შედეგად ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის ყველა საფრთხიდან არის დაცული“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული საქმიანობის შეფასებისას.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახობაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებზე და 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოვისმინეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში და ამ მაღალ შეფასებას კონკრეტული ინდიკატორები აქვს. საუბარია ტერორისტული ინციდენტების და ტერორისტული მიზნებისთვის ქვეყნიდან გამგზავრების ფაქტების არარსებობაზე, ტერორიზმთან შეხებაში მყოფი პირების დაკავებასა და პასუხისმგებლობაში მიცემის ფაქტებზე, გამართულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოზე, სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში გადადგმულ შესაბამის ღონისძიებებზე და მაღალი დონის უწყებათაშორის კოორდინაციასა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

შეხვედრაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა, დეტალურად მიმოვიხილეთ ის ღონისძიებები და პრიორიტეტები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალეფექტიანი კოორდინაციის შედეგად, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც ჩვენი ქვეყანა არის დაცული ტერორიზმის ყველა საფრთხისგან, ასევე ჩვენი პარტნიორებიც თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა, ნდობის ჯგუფის წევრებს არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო.

„პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე და არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაცია გავაცანით და მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული  სპეციალური ოპერაციების შესახებ ვისაუბრეთ“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ნდობის ჯგუფის წევრები: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.