ტერეზა მეი 2022 წლის არჩევნების დროს კონსერვატიულ პარტიას არ უხელმძღვანელებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი 2022 წლის არჩევნების დროს კონსერვატიულ პარტიას არ უხელმძღვანელებს, მას სხვა ლიდერი ეყოლება. ტელეარხ Sky News-ის ცნობით, ამის შესახებ ტერეზა მეიმ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

“გულწრფელად, ძალიან მინდა, რომ მომდევნო არჩევნებისას კონსერვატიულ პარტიას ვუხელმძღვანელო. მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ პარტია არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ახალ ლიდერს მისცემს”, – განაცხადა მეიმ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის თანამდებობის დატოვებას გეგმავს, ტერეზა მეიმ უარყოფითად უპასუხა.

ტერეზა მეის თქმით, მისი პრიორიტეტია,  ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის პროცესი უზრუნველყოს.

12 დეკემბერს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ კონსერვატორების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ასევე მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა შეინარჩუნა.

იმისთვის,რომ ტერეზა მეის თანამდებობა შეენარჩუნებინა, მას მინიმუმ 159 ხმა ესაჭიროებოდა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თავის “განახლებულ მისიას” გააგრძელებს, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება.

“კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა Brexit-ის დანერგვაზე და ამ ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ტერეზა მეისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, გრემ ბრეიდმა თემთა პალატაში 48 დეპუტატისგან წერილობითი განცხადება მიიღო. ისინი ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებდნენ. დეპუტატები „ბრექსტის“ შესახებ შეთანხმების პროექტზე პრემიერის მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად