Telegraph: ბრიტანული უშიშროება რუსეთს, საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

უშიშროების სამსახურები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურულ ერთეულს ადანაშაულებენ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში და იქვე აჟღერებენ შიშებს, რომ ეს შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისი იყოს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის დომინიკ რააბის მოსაზრებით, ოქტომბრის თვეში სახელმწიფო აპარატის, სამაუწყებლო კომპანიებისა და მათი ინტერნეტ საიტების ონლაინ შეტევა „სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება“ იყო.

საქართველომ დღეს მისთვის ჩვეული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი ამ შეტევაში. მას მყისვე დაუჭირეს მხარი გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, ხოლო სხვა ქვეყნებისგან მოგვიანებით ველოდებით განცხადებებს.

ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სრულიად უგუნური და უსირცხვილო კიბერთავდასხმის კამპანია სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“.

„რუსეთის მთავრობის წინაშე მდგარი არჩევანი ნათელია: ის აგრესიულ ქმედებას გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ან საერთაშორისო სამართლის პატივისცემით გახდება პასუხისმგებლიანი პარტნიორი“.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამომჟღავნებას, ვინც სრულიად უგუნურ კიბერთავდასხმებს განახორციელებს და მოკავშირეებთან მუშაობას აგრძელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საგანგაშო ქცევების დასაძლევად“.

ოქტომბერში განხორციელებულმა შეტევამ საქართველოს სამაუწყებლო კომპანიები „ნოკაუტში“ ჩააგდო და 2000-ზე მეტი საიტი დაადუმა. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის ინტერნეტ გვერდები.

ზოგიერთ საიტზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოისახებოდა შემდეგი მინაწერით: „მე დავბრუნდები!“.

შეტევის შემდეგ ბრიტანული გაზეთის The Telegraph-ის რედაქცია აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით ქართველმა სამართალდამცავებმა ოპერატიულად მოახერხეს ჰაკერული თავდასხმის წყაროს მიკვლევა. ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში დღეს ბრიტანულმა სამთავრობო კომუნიკაციების სათავო დაწესებულებამ განაცხადა, რომ ალბათობის 95 პროცენტით, „თითქმის ზედმიწევნითი სიზუსტით“ კიბერთავდასხმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ არის განხორციელებული.

პირველად ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საჯაროდ ასახელებს და გმობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მათი დიდი რწმენით ამ კონფრონტაციული ქმედების უკან დგას.

კიბერთავდასხმების პროგრამას ახორციელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი, რომლის კოდური სახელი მისი საფოსტო ინდექსიდან მომდინარეობს – 74455.

ბრიტანელები ახლახან გააფრთხილა გიგანტურმა ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტმა – ყურადღება მსხვილი კონფლიქტების ნაცვლად რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე გაემახვილებინა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურული ერთეული ასევე მიიჩნევა 2015-დან 2017-მდე პერიოდში უკრაინაში ინტერნეტით გავრცელებული ვირუსის გამოყენებით კონფრონტაციული ქმედებების სერიის უკან მდგომად. მათ ადანაშაულებენ ელექტროენერგიის სადგურის გათიშვაში, რამაც უშუქოდ დატოვა 200 000-ზე მეტი ადამიანი, კიევის მეტროპოლიტენი და ოდესის აეროპორტი.

გაზეთი The Telegraph-ი აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურები შეშფოთებულნი არიან საქართველოში წინა წლის ოქტომბერში განხორციელებული შეტევის გამო, რაც შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტების გათიშვის კამპანიის დასაწყისი იყოს და მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პოზიციას და „რუსეთის მიერ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად