ტელეარხ “112 უკრაინას” გენერალური დირექტორი: მედიასთან დაკავშირებით ძალის გამოყენება არ შეიძლება

ყუმბარის სროლის შემდეგ, ტელეარხ “112 უკრაინას” გენერალური დირექტორი ეგორ ბენკენდორფი განცხადებას ავრცელებს.

მან უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ოფისს მიმართა და მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაგმონ და გამოიძიონ მომხდარი.
“თქვენ აშკარად და გადაჭრით უნდა თქვათ:” უკრაინაში მედიასთან დაკავშირებით ძალის გამოყენება არ შეიძლება”, – განაცხადა ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა.

12 ივლისს, კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს. კიევის ეროვნული პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ადგილობრივი დროით, 03:40 საათზე პოლიციამ მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ  შეჩენკოს რაიონში აფეთქების ხმა გაიგო. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, კინოლოგები, საპატრულო ეკიპაჟები, ასევე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები გამოცხადდნენ.

გამოკვლევის დროს მათ ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქში თავდამსხმელის დასაკავებლად პოლიცია სპეციალურ ოპერაციას ატარებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...