ტედროს გებრეიუსი: ძველ ცხოვრებას უახლოეს მომავალში ვერ დავუბრუნდებით

“ძველ ცხოვრებას უახლოეს მომავალში ვერ დავუბრუნდებით” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრებას იმ ნორმებით გავაგრძელებთ, როგორც პანდემიამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ასე თუ ისე მართვადი გახდა, ეს სიმშვიდის უფლებას არ იძლევა.

“სამაგიეროდ, უკვე არსებობს გზამკვლევი იმისთვის, როგორ ვიმოქმედოთ, როგორ დავიცვათ წესები და როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსისგან. ასევე, ვირუსთან გამკლავებაში, გარდა საზოგადოების კეთილგონიერებისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებების მიერ გატარებულ ეფექტურ ღონისძიებებს” – განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

გებრეიუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იღებს მონაცემებს დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების შესახებ, როგორც ამერიკიდან, ასევე სამხრეთ აზიიდან და შუა აღმოსავლეთიდან.

2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანში პნევმონიის გამომწვევი მიზეზის შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კი, ახალი კორონავირუსული პანდემიის გაჩენის შესახებ განაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად