“ჭიჭნაუხტის” ანუ აბრეშუმის ჭუპრისგან დამზადებული უნიკალური სამკაულები” – ენდი მეყანწიშვილის “კოკონების სამყარო”

თუკი მცირე ისტორიულ წყაროებს მოვიშველიებთ, აბრეშუმის წარმოება საქართველოში ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში დაუწყიათ. ვახტანგ გორგასალს ეს კულტურა ინდოეთიდან შემოუტანია, როცა ის შაჰ პეროზს ახლდა ლაშქრობაში.

აბრეშუმს ქართულ ლიტერატურულ წყაროებში ჭიჭნაუხტად მოიხსენიებენ. მეაბრეშუმეობა საქართველოში საუკუნეების მანძილზე სტრატეგიულ დარგად ითვლებოდა. XIX – XX სს-ში ქვეყანა, არსებული რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მეაბრეშუმეობის განვითარებაში აღმავლობის გზას ადგა. ქართული საექსპორტო პროდუქციის ნუსხაში შედის აბრეშუმის პარკი, გრენა, ქსოვილი, რომელიც ქვეყნისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. XIX ს-ის შუა ხანებში მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო დაახლოებით 200 ათასამდე ოჯახი და ყოველწლიურად საშუალოდ 6-6,5 ათასი ტონა პარკი იწარმოებოდა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია. სწორედ ამ პერიოდში კავკასიაში აბრეშუმხვევია ჭიის დაავადება, პებრინა, გაჩნდა. მან საქართველომდეც მოაღწია და დარგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ეს უნიკალური დარგი რთულ მდგომარეობაშია დღესაც, ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული სახით ცდილობენ ამ დარგის პოპულარიზაციას.

მხატვარ-დიზაინერი ენდი მეყანწიშვილი სწორედ ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულებით აცნობს ქართველებს და უცხოელებს აბრეშუმის სიკეთის საიდუმლოს. სწორედ ამ საოცარ ნამუშევრებს ხედავთ ფოტოზე:

ენდი მეყანწიშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, ვქსოვ და ვქარგავ. ჯერ თოჯინებისთვის ვქსოვდი, მოგვიანებით კი ჩემი შვილებისთვის. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი არჩევანი მხატვრობა იყო…

2000 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. მაშინ ტილოს მაგივრად ფრჩხილებზე ვხატავდი. ეგვიპტური იეროგლიფები, ლურსმული დამწერლობა და ორიგინალური ორნამენტები ფრჩხილზე ზუსტად გადმომქონდა. ფრჩხილზე ხატვის ხელოვნება ახლა უკვე ძალიან აქტუალურია.

თუმცა, აბრეშუმის განვითარება მხატვრისთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება… ესეც აბრეშუმის თმიანი ანგელოზების თავყრილობა

ენდი მეყანწიშვილი: დაახლოებით 6 წლის წინ წერილი მივიღე. აგრარული უნივერსიტეტის აბრეშუმის წარმოების ცენტრიდან მწერდა ქალბატონი მაია ხუციშვილი: ძალიან მომწონს თქვენი თოჯინები და თუ შეგიძლიათ, აბრეშუმის კოკონების გამოყენებით, მუზეუმისთვის თოჯინა დაგვიმზადოთო.

ცხადია,დავთანხმდი, მაგრამ ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო თოჯინის დამზადება ვერ მოვახერხე… მოგვიანებით, დრო გამომითავისუფლდა და დანაპირების შესრულება დავიწყე. აბრეშუმის პარკისგან საოცარი სამკაულები გამომივიდა, თვითონაც გაოცებული ვიყავი

.ეს უნიკალური თოჯინა ბრეშუმის ცენტრის ბინადარია…

ეს პროდუქტი ნატურალურია, ძალიან მსუბუქი, თითოეული მათგანი დაახლოებით ოც გრამს იწონის.

ენდის სახელოსნოში მხოლოდ ერთი, ორიგინალური ეგზემპლარი მზადდება, რომელიც არ მეორდება. ამის შესახებ საქპატენტმაც მოიძია ინფორმაცია და  “ენდის კოკონები” დააპატენტა. სახელოსნოში მასალის მრავალფეროვნებაა და თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად მზადდება.

ძალიან მალე, ენდის აქსესუარები “ანგელოზების მუზეუმის ვიტრინიდან მნიშვნელოვან გამოფენებზეც მოხვდა…

ენდი მეყანწიშვილი: მაგალითად, 2019 წლის აპრილში,  ბათუმი მასპინძლობდა ბაქსას მე-9 საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოწვეულები აბრეშუმის გურუები.

მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო და სტუმრებს აბრეშუმთან დაკავშირებული არაერთი გამოფენა დაათვალიერებინეს და საკმაოდ საინტერესო ნიმუშები წარუდგინეს.  ასე მოხვდა ჩემი დიზაინით შექმნილი სამკაულები “ბაქსას” გამოფენაზე.

ჩინეთის წარმომადგენელი, პროფესორი ჯიპინგ ლოუ ძალიან დაინტერესდა კოლექციით და  ენდი ჩინეთში მიიწვია მასტერკლასის ჩასატარებლად.მოხსენება ქართული მეაბრეშუმეობის განვითარების შესახებ წაიკითხა მაგდა ბაგრატიონმა.

ენდი მეყანწიშვილი: ათდღიანი ტრენინგები ჩინეთში ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. დავათვალიერეთ თუთის პლანტაციები, საწარმოები, სადაც კოკონს ამუშავებდნენ და ქარხნები, სადაც აბრეშუმი მზადდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა და სურვილი გამიჩნდა, საქართველო ისევ დაბრუნებოდა ამ უძველეს დარგს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად