ჭიჭინაძე: თუ “ოცნებაში” ივანიშვილის წინააღმდეგ დაჯგუფებაა, მაშინ მისი ხელმძღვანელი კალაძეა

თუ “ოცნებაში” ივანიშვილის წინააღმდეგ დაჯგუფებაა, მაშინ მისი ხელმძღვანელი კალაძეა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კალაძემ გუნდი გაყო, რომელთაგან ნახევარმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით, ნახევარმა არა. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ კანონპროექტის ჩაგდება მას არ დაბრალებოდა.

“გუშინ გვითხრეს, რომ დავხოცეთ ერთმანეთიო და ამას არ ესწრება გენერალური მდივანი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ვთქვათ, თუ ივანიშვილის საწინააღმდეგო დაჯგუფება არსებობს იქ რაღაცა, თუნდაც კულუარულად, ამის ხელმძღვანელი ვინ იქნება? თუ არა კალაძე. იგივე გახარიას საპირწონეა და ყველამ კარგად ვიცით ეს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ არის მოწყობილი ქართული ოცნება.

კალაძესთან დაკავშირებული ადამიანები გაყოფილები იყვნენ. ნაწილმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, ნაწილმა არა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს გუნდი თამაშობს იმის წინააღმდეგ, რაც იყო შეთანხმება. 22 მაჟორიტარი, რომელიც თბილისში იმყოფება და კალაძეს აძლევს პოლიტიკურ წონას. იმიტომ, რომ მომავალ სიაში კალაძეს მაქსიმუმ 4-5 კაცი ჰყოლოდა. ეს არ არის ის გავლენა, როდესაც 73 მაჟორიტარში დაახლოებით 22 მაჟორიტარი გყავს, მინიმუმ 18 მაინც. იმიტომ, რომ გამგეობები მის ხელშია და მისი მხარდაჭერა ყველას დასჭირდება. პლუს იქ სამტრედიაა და ასე 20-22 წევრი ეყოლება, რაც ბუნებრივია მას პოლიტიკურ წონას ჰმატებს.

მისი და მისი გარემოცვა ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ რეფორმატორების ჯგუფს. ცდილობს, რომ დისტანცირება მოახდინოს პროცესიდან. გუნდიც გაყო და ვერავინ ვერაფერს ვერ დააბრალებს, შესაბამისად ყველაზე ნაკლებად დაზიანდა. თუ ვინმე დაზიანდა დღეს, ეს არის ივანიშვილი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად