ჭიჭინაძე: “ნაცმოძრაობამ” შიდა მოლაპარაკებები საერთო პირობა დაარღვია, პროტესტი სხვაა, რევოლუცია – სხვა

“ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია!”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოლაპარაკებების პირობა დაარღვია და 23 ნოემბერს საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც საერთო პროტესტისთვის შეიკრიბა.

პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა.

დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა, არა მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს.

მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. 20 ივნისი არ იყო “ნაცების” პროტესტი, მაგრამ მათ გადაიბარეს და ვნახეთ რითიც დასრულდა. სამწუხაროა, რომ საპროტესტო მუხტის ჩამქრობებად ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება.

ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია!

რომ მითიური თარიღები – 23 ნოემბერი ახლოვდება და „მიშა მაგარიას“ დაკვრებით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იქ მყოფ ადამიანს, ვისაც კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე მთელ საზოგადოებას!

პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა რევოლუცია. ვფიქრობ, რომ რევოლუცია და „ნაციონალურო მოძრაობის“ გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა.

გუშინდელ პროცესებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის აქციასთან შედარებით, ბევრად ცივილურად ჩაატარა ეს და არ გვყავს დაზიანებულები, შუბლდახეთქილები. კარგია ის, რომ დასკვნა გამოიტანეს და პირდაპირ რეზინის ტყვიებით არ დაიწყეს, ჟურნალისტებს ერიდებოდნენ, ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველი შეცდომის შემდეგ ადამიანი თუ აანალიზებს და იმას აღარ უშვებს, ესეც დასაფასებელია.

თუმცა, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ აქვს, მაგარამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა”,-წერს ჭიჭინაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად