ჭიჭინაძე: 2012 წელს ხელისუფლება ბევრად ხისტი იყო, დღევანდელ ვითარებას 2003 წლის შევარდნაძეს შევადარებდი

„2012 წელს ხელისუფლება ბევრად უფრო ხისტი იყო“, – ასე პასუხობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „აიპრესის“ კითხვას იმაზე, არის თუ არა მსგავსება დღევანდელ ვითარებასა და იმ ვითარებას შორის რაც ხდებოდა 2012 წელს, როცა მაშინდელი ხელისუფლება ოპოზიციის აქტივისტებს აკავებდა.

მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებას 2003 წელს უფრო ადარებს, როდესაც პარტიის წევრები ტოვებდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას და რაც მისი და მისი პარტიის პოლიტიკიდან გაქრობით დასრულდა. ჭიჭინაძის თქმით, ივანიშვილსაც იგივე მოუწევს, თუ მისი ქართული ოცნება არ გამოფხიზლდება.

„ასეთი მასშტაბებით ნაციონალური მოძრაობის რიგების დატოვება ნამდვილად არ მახსოვს. ამდენი დეპუტატი არ გამოსულა და არ გაუპროტესტებია ვითარება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 2012 წელს 15 და 20 დეპუტატი რომ გამოსულიყო ნაციონალური მოძრაობიდან? ეს აბსოლუტურად სხვა მოვლენა იქნებოდა. ამიტომაც ვერ ბედავდნენ.

ამიტომაც, დღევანდელ ვითარებას უფრო 2003 წელს შევადარებდი, როდესაც ხელისუფლება რეალურად მორღვეული იყო. არ იყო მონოლითური, მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაუდგა შევარდნაძეს და მოქალაქეთა კავშირს. შედეგად ის არჩევნები სხვანაირად დამთავრდა. შემდეგ კი არჩევნების გაყალბების გამო, სადაც წავიდა მოქალაქეთა კავშირი ყველამ კარგად ვიცით“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კითხვაზე, ეს ელოდება ბიძინა ივანიშვილსაც? – პასუხობს:

„თუ არ გამოფხიზლდება ქართული ოცნება, რა თქმა უნდა… წინააღმდეგ შემთხვევაში რაზე უნდა იყოს სხვანაირი დასასრული, მაშინ ეს გამაგებინეთ?! ხალხის პროტესტის ლოგიკა ყოველთვის არის, მაგრამ ლოგიკა ხელისუფლებების მოქმედებების ვერ არის ხოლმე, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლებები ალოგიკურად მოქმედებს. რაც არ უნდა გააკეთონ, იმას აკეთებენ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად