ჭიათურაში, სოფელ მერევისა და გუნდაეთის საავტომობილო გზების მშენებლობა მიმდინარეობს

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი თოფურიასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად სოფელ მერევისა და გუნდაეთის საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ჭიათურის მერმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საავტომობილო გზებზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში, როგორც მერევში, ისე გუნდაეთში ცენტრალური საავტომობილო გზის მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს. ორივე სოფელში ამ დრომდე სრულიად ამორტიზებული გზა არსებობდა და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

მერევში საავტომობილო გზის 2538 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კლასიკ სტროი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 644 995 ლარს შეადგენს.

სოფელ გუნდაეთში გზის 1870 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ქროსფოინთმა“ შეასრულა. პროექტის განხორციელება 560 575 ლარი დაჯდა.

დღესვე გივი მოდებაძემ, ირაკლი თოფურიასთან და ბესიკ გოფოძესთან ერთად ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მე-4 სკოლაში სპორტული დარბაზისა და სველი წერტილების აღდგენა მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელისგან ინფორმაცია მიიღეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...