ჭიჭინაძე: საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ

 ამის შესახებ პარლამენტის წევრმა  დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ  საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მისვლას არ აპირებდა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს პარლამენტის როლი და ფუნქცია ნულამდეა  დასული.

„საჭიროა, დიდი ბოქლომი დავადოთ ამ პარლამენტს. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ. გათბობა, ელექტროენერგია მიდის. იქნებ, იმ ადამიანებს გადავუნაწილოთ, ვისაც ძალიან უჭირს. დღევანდელ სახელმწიფოში ამ პარლამენტის როლი და ფუნქცია დასულია ნულამდე. ყველა ელოდება, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. როგორ შეიძლება პარლამენტში 1 წელი იმ რეჟიმში მუშაობდეს, რომ თავისი ვადის დასრულებას ელოდებოდეს?! ვფიქრობ, უკვე ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი ივანე მაჭავარიანთან ერთად აქ ჯდომა და რაღაცაზე საუბარი. დროა, ამ პარლამენტს მართლა დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად