ჭიაბერიშვილი: “კახა ბენდუქიძემ ხატოვნად აღწერა, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი წინ, მაგრამ ჩავდგით ნეხვში”

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგად ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიღწევაა.

იგი “ვარდების რევოლუციის” ლოგიკური შედეგი იყო.

არა იმის გამო, რომ მტკივნეული რეფორმების გამო ხალხის ნაწილი განაწყენდა, არამედ იმიტომ, რომ “ვარდების რევოლუციის” იდეალები და ღირებულებები სწორედ ამას გულისხმობდნენ: საქართველოში ლიბერალური საარჩევნო დემოკრატიის დამკვიდრება/გაძლიერებას, რომელშიც ხელისუფლებები იცვლებიან მშვიდობიანად, კატაკლიზმების გარეშე.

პარადოქსი კი ისაა, რომ დღევანდელი მდგომარეობაც ლოგიკური შედეგია იმ ოცნებებისა, იმ ლოზუნგებისა, რითაც დღევანდელმა მმართველმა ძალამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმარჯვა. გამარჯვებული ძალის რევანშისტული არსი – გამოხატული, მათ შორის, გიგი უგულავას ჯერ კიდევ პირველ დაჭერაში – იმთავითვე ნათელს ხდიდა, რომ ჩვენ ამ შანსს ხელისდან გავუშვებდით.

სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. როგორც კახა ბენდუქიძემ ხატოვნად აღწერა, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი წინ, მაგრამ ჩავდგით ნეხვში.

ახალი ნაბიჯი წინ არა მხოლოდ ეკონომიკურად ან პოლიტიკურად, არამედ, პირველ რიგში, მორალურად მტკივნეული პროცესების შემდეგ შედგება.

ყველაზე დასანანი ისაა, რომ 14 ნოემბრამდე (როცა ივანიშვილმა პროპორცულ სისტემაზე უარი თქვა) ჯერ კიდევ გვქონდა შანსი, ხელისუფლების მორიგი ცვლილების შემდეგ წინსვლა უკან მოუხედავად გაგვეგრძელებინა. ახლა მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წინსვლა წარსულზე რეაგირების გარეშე შეუძლებელი იქნება”- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად