ჭიაბერაშვილი: ტყუილია სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა

“ევროპული საქართველო” შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. პრობლემა ისაა, რომ 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი.

“ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, არსებული პრობლემების ფონზე მიუღებელია დავით სერგეენკოს ტყული, თითქოს “125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება”.

პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, სადაც სრულიად განსხვავებულ, გაცილებით ნაკლებ მონაცემებზეა საუბარი.

კერძოდ, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლისთავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 48 000-ზე მეტმა პირმა.

უფრო დეტალურად:
2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

როგორც ლაგვილავას წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა.

სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში:

ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. კონფირმაციული კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს.
ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა.

ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

“დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად