ჭიაბერაშვილი: პროტოკოლის შეცვლის პროცესი დაგვიანდა და თერჯოლის შემთხვევა მივიღეთ

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე რეკომენდაციებით ვარ დაკავებული, სადაც ვხედავ, რომ რისკი მაღალია. სხვათა შორის ამას მოყვება ხოლმე გარკვეული მოსაზრებების გაზიარება და ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებენ კიდეც. იგივე ეხება მკურნალობის პროტოკოლს. მნიშვნელოვანია ავუხსნათ მაყურებელს, რაში მდგომარეობდა პრობლემა.

მარნეულის შემთხვევამ 23 მარტს გამოავლინა, რომ ქალი 4 დღე იწვა საავადმყოფოში ფილტვების ორმხრივი ანთებით, რომ მას არ ჩაუტარდა ტესტირება. საბოლოოდ მეხუთე დღეს როცა გაირკვა, რომ ინფიცირებული იყო, მთელი საავადმყოფო კარანტინში აღმოჩნდა. ეს აღარ უნდა განმეორებულიყო. ამიტომ ვამბობდი, რომ აუცილებელია, შეიცვალოს პროტოკოლში ინფიცირების შესაძლო შემთხვევის განმარტება, რომ არ არის აუცილებელი ადამიანს ჰქონდეს მოგზაურობის ისტორია, რადგან შიდა გადაცემის შემთხვევაში შესაძლოა ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს ინფიცირებული. როცა სიმპტომებია, მით უმეტეს როცა პნევმონიაა, მას სასწრაფოდ უნდა უკეთდებოდეს ტესტირება.

სამწუხაროდ, დაგვიანდა ეს პროცესი და ჩვენ მივიღეთ თერჯოლის შემთხვევა, როდესაც 25 მარტს საკმაოდ გამოკვეთილი სიმპტომებით მიაკითხა ინფექციურ საავადმყოფოს, ის არ შემოწმდა ვირუსზე, ის წავიდა თერჯოლაში და ჩვენ წარმოგვეშვა ამ ვირუსის გავრცელების ახალი კერა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად