A1 ბანერი

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მხოლოდ ბელა ხოტენაშვილს დარჩა

ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ოცდამეთორმეტედ ფინალის მეორე შეხვედრების შემდეგ ორი ქართველი მოჭადრაკე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ნინო ბაციაშვილმა(რეიტ. 2477), რომელსაც პირველი შეხვედრა ჩინელ ჟაი მოსთან (რეიტ. 2352) წაგებული ჰქონდა და აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა, დებიუტშივე შებოჭილი პოზიცია მიიღო, ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და 52-ე სვლაზე საათი გააჩერა.

ნანა ძაგნიძემ (რეიტ. 2516) ჩინელ ტინჯი ლისთან (რეიტ. 2457) მეტოქის მეფეზე იერიში მოუმზადებლად მიიტანა, დათმო პაიკი, იქვე იძულებული გახდა ლაზიერები გაეცვალა და შემდეგ მისი მცდელობა პარტიის გადარჩენის ამაო გამოდგა. ორი პარტიის ჯამშიც ჩინელმა გაიმარჯვა და ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ნანა ძაგნიძის და ნინო ბაციაშვილის მონაგარი ხანტი-მანსიისკში თითოეულზე 5500 დოლარია.

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ხუთი ქართველი დიდოსტატიდან ბელა ხოტენაშვილი (რეიტ. 2477) ერთადერთია, რომელიც ოცდამეთორმეტედ ფინალის ორი შეხვედრის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებს. ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (რეიტ. 2498) შეხვედრაში მეტოქეებმა არ ისურვეს ბრძოლის გამწვავება, უკვე მე-20 სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ და ერთმანეთის ძალების მოსინჯვას ხვალ, ტაი-ბრეიკში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...