ტარიელ ხეჩიკაშვილი: გავერთიანდეთ და ვუგულშემატკივროთ საქართველოს!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ რიოს ოლიმპიადა არამხოლოდ ლიცენზიებით იქნება სარეკორდო, არამედ სპორტული შედეგებითაც.

"მინდა მადლობა გადაგიხადო ჟურნალისტებს, თქვენ ხართ მახარობლები იმ დიდი ზეიმისა, რომელიც ჩვენ გველოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის პროპაგანდისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ასევე გულშემატკივრებს, მათთვის არის სპორტი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, ოლიმპიური კომიტეტი და ფედერაციები მოწოდებულები ვართ, რომ საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს სპორტსმენებს და ეს ასეც არის, ამიტომ გვაქვს საუკეთესო შედეგები. დარწმუნებული ვარ, როგორც ლიცენზიებით იქნება სარეკორდო რიო 2016, ასევე სპორტული შედეგებით.

მინდა ყველას მოვუწოდო, მხარი დაუჭირონ ქართველ სპორტსმენებს, ქართულ სპორტს, სპორტი აერთიანებს და ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ, გავერთიანდეთ და ვუგულშემატკივროთ საქართველოს", – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"აიპრესის" კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღინოსძიებები ოლიმპიადის წინ და იგეგმება თუ არა რეგიონების ჩართვა წინასაოლიმპიადო კამპანიაში, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ სპორტის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასა და სპორტსმენების წახალისებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახით აქტივობები თვითონ სპორტსმენებისთვის. მათ საბრძოლო განწყობაზე ეს დადებითად მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სპორტის პროპაგანდისთვის, ახალგაზრდებისთვის. მათ უჩნდებათ დამატებითი მოტივაცია, რომ იყვნენ სახელოვანი სპორტსმენები და წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე.

რეგიონებში ოლიმპიადის წინ აქტივობა მათი პრეროგატივაა და რა თქმა უნდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები ხელს შეუწყობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და წახალისდნენ სპორტსმენები", – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...