ტარიელ ხეჩიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ფეხბურთს გულშემატკივარი ისევ დაუბრუნდება

"ამდენი ბედნიერი ადამიანი დიდი ხანია ერთად არ მინახავს",- ამის შესახებ სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ეს არის ისტორიული დღე არა მარტო იმიტომ, რომ ფედერაციამ წარმოადგინა პროგრამა, არამედ იმიტომ, რომ ვხედავთ საფეხბურთო საზოგადოებას გაერთიანებულსა და კმაყოფილს. ამდენი ბედნიერი ადამიანი დიდი ხანია ერთად არ მინახავს. რაც ყველაზე მთავარია, ყველას გაუჩნდა იმედი იმისა, რომ ეს პროგრამა განხორციელდება და თითოეულ პატიოსან საფეხბურთო მოხელეს აძლევს საშუალებას, რომ ფეხბურთის შენებასა და განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

ვფიქრობ, რომ ეს არის ახალი გამოწვევა და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს გულშემატკივარი ისევ დაუბრუნდება და ამ პროგრამის განხოციელების შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ ძალიან კრგ შედეგს",- განაცხადა ხეჩიკაშვილმა. 

ცნობისთვის, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას საფეხბურთო კლუბების დირექტორები, ვეტერანი ფეხბურთელები, ბიზნესმენები და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარების ფონდი დაამტკიცა და მათ 5 წლის განმავლობაში 265 მილიონი ლარი გამოუყო. ფეხბურთის ფედერაციამ დღეს საზოგადოებას 5 წლიანი გეგმა წარუდგინა, რაც ეროვნული ჩემპიონატის სრულად შეცვლას, კლუბების დაფინანსებას და მუნიციპალური დაფინანსებიდან, ერთი კონკრეტული სისტემით დაფინანსებაზე გადაინაცვლებას, ინფრასტრუქტურისა და კადრების განვითარებასა და ბავშვთა ფეხბურთს ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...