ტარიელ ესებუა შვილს, ბადრი ესებუას: გამოდი, ჩაბარდი პოლიციას- გაირკვევა ყველაფერი (ვიდეო)

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს, პოლიციას ჩაბარდეს.

“შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, – ტარიელ ესებუას ვიდეომიმართვას “რეგიონული კვირა” ავრცელებს.

შეგახსენებთ, 12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 43 ადამიანი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია.

თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა ბანკის შენობა დატოვა და ხელებზე თოკმობმული გამოიყვანა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლებს ჩაენაცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად