თამარ კორძაია: “რესპუბლიკელები” სისტემურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ აუდიო ჩანაწერებმა გამოაშკარავა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემებთან, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კორძაია ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციაში ყოფნის დროს ასეთი ფაქტები არ ხდებოდა, შესაბამისად დღევანდელ ვითარებაზე არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“.

მიუხედავად იმისა, რომ საუბრობთ, რომ მმართველი კოალიციაში თქვენი ყოფნის დროს სხვა ვითარება იყო სისტემური პრობლემები არ იყო. ამის მიუხედავად გრძნობთ თუ არა თქვენს წილ პასუხისმგებლობას იმ ვითარებაზე, რაც დღესაა?

რას გულისხმობთ პასუხისმგებლობაში? რა დააშავა „რესპუბლიკურმა პარტიამ“?

მე არ მიკითხავს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რამე დააშავა, მაგრამ თქვენც იყავით ხელისუფლებაში.

ერთი ფაქტი მომიყვანეთ მსგავსი დანაშაულის, რაც წინა მოწვევის პარლამენტის დროს მოხდა და კი ბატონო.

მაშინაც აკეთებდნენ თქვენი ოპონენტები მწვავე განცხადებებს…

მაგრამ მაშინ ფაქტები არ იყო დასახელებული. თუ იყო და მაშინ არ ხდებოდა გამოვლენა ძალიან ცუდია. შეგახსენებთ, რომ იმ პარლამენტში ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც მოსმენების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა და ეს ყველაფერი მოსმენებს და ჩაწერებს უკავშირდება. ე.წ. ოდეერების წინააღმდეგ გამოვდიოდით და გავაუქმებინეთ ეს კანონი. ჩვენ გამოვდიოდით სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერები, სადაც ჩვენ აქტიურები ვიყავით ამ თვალსაზრისით.

როდესაც მივხვდით, რომ ჩვენი ძალა არ იყო საკმარისი ჩვენ დავტოვეთ კოალიცია და წამოვედით ცალკე. ჩვენ ვხედავდით, რომ უკვე სუს-ი იღებდა გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავით. ახლა კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავად აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე რაც ხდება.

ანუ დღევანდელ ვითარებაზე თქვენ არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

ობიექტურად არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიყავით მიშა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების წინააღმდეგი, ჩვენ ახლა ვართ „ქართული ოცნების“ დანაშაულების წინააღმდეგი. ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც ამას ჩაიდენს, იმის წინააღმდეგიც ვიქნებით.

თუ ოდესმე, „რესპუბლიკური პარტია“ მოვა ხელისუფლებაში და პოტენციურად ის გახდება მსგავსი დანაშაულის მონაწილე, მისი წინააღმდეგიც ვიქნებით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...