A1 ბანერი

თამარ კორძაია: ხელისუფლებამ თავისივე ჯალათი სუბელიანი გაიმეტა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისივე საქმეების შემსრულებელი ჯალათი მირზა სუბელიანი გაიმეტა.

ამის შესახებ კორძაიამ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

რა შეფასებას გააკეთებთ იმ ჩანაწერებზე, რაც გვესმის. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება იმაზე, რაც ხდება?

დავიწყოთ იმით, რომ ჩანაწერებში მყოფი ადამიანი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ სჯეროდა სუბელიანის ნათქვამი და მისი მდგომარეობა არ არის მდგრადი. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლება ადასტურებს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა სუბელიანს.

ხელისუფლება ხვდება, რომ სიმართლემ გამოჟონა და ახლა ცდილობენ სუბელიანი ბოლომდე გაიმეტონ და მის ფსიქიკურ მდგომარეობას დააბრალონ ყველაფერი. ანუ, ფაქტია, რომ ხელისუფლება ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას. უბრალოდ ცდილობს, რომ არ დაადასტუროს ჩანაწერში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა. ცდილობს სუბელიანი წარმოაჩინოს როგორც ფსიქიკურად არამდგრადი და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, რათა მან საზოგადოების თვალში ნდობა დაკარგოს. რამდენად მიიღებს საზოგადოება, ეს მეორე საკითხია. იმის ნაცვლად, რომ რეაგირება მოახდინონ და რამდენიმე მინისტრი გადადგეს, ისინი მზად არიან ადამიანი გაიმეტონ იმისთვის, რომ თავიანთი ცოდვები და დანაშაული დამალონ.

სხვა გზა ხელისუფლებას აღარ აქვს, გარდა იმისა რომ აღიაროს მარცხი, რომელმაც ახალი ვერაფერი ვერ შექმნა. დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ გზას და ისეთივე სისასტიკით და ადამიანებზე ძალადობით ამთავრებს, როგორც დაასრულა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

სუბელიანის გამეტებაზე ისაუბრეთ. ამ ვითარებაში ის მსხვერპლია? მის დანაშაულებს ვერ ხედავთ?

აშკარაა ის, რომ მსხვერპლი კი არა ამ ხელისუფლების ჯალათი იყო. ჯალათი, რომელიც სახელმწიფოს საქმეს უკეთებდა, დღეს იმ ხელისუფლებამ გაიმეტა, ვისაც ის საქმეს უკეთებდა. ისინი საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით წავიდნენ იმაზე, რომ მათი ერთგული ადამიანი გაიმეტეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...