ტაძართან შეკრებილი ათასობით ზუგდიდელი ღვთისმშობლის კვართის გადატანას აპროტესტებს

ამ წუთებში, ზუგდიდში, თვთისმშობლის სახელობის ხატის მშენებარე ტაძართან  დაახლოებით 2 000 მდე ზუგდიდელია შეკრებილი, რომლებიც კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობის დედათა მონასტერში გადატანასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს ერთიდღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადააბრძანებენ, შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა, – ამის შესახებ "აიპრესს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს.

იმავე კითხვაზე, 30 აგვისტოს სამინისტროს სულ სხვა პასუხი ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "აიპრესმა" გამოაქვეყნა სტატია  "კულტურის სამინისტრო: ღვთისმშობლის კვართის ხობში გადაბრძანებაზე ბრძანება არ გაგვიცია" სადაც სამინისტრო უარყოფდა სიწმინდის ერთი დღის გატანაზე ნებართვის გაცემას.   

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება გამოიწვია, რადგან მინისტრის მოადგილემ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების გარეშე გაცსა განკარგულბა და ნებართვა სიწმინდე გასულიყო ქალაქიდან.

მოგვიანებით, სასულიერო პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოსახლეობას, ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრში შეხვედრაზე მეუფე გერასიმე შეპირდა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის ამ გადაწყვეტილებას გააცნობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რადგან პატრიარქმა უკვე 2007 წელს ბრძანა, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში იქნება. მიტროპოლიტმა ასევე ბრძანა, რომ კულტურის სამინისტრომ ღვთისმშობლის კვართზე გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ  საპატრიარქოსგან თანხმობა არ ჰქონია.

იმავე დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის კვართი თუნდაც ერთი დღით, არ იქნება გადაბრძანებეული ხობში. როგორც მეუფე გერასიმემ განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ ეთანხმება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას "ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში " დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში.

აქციის მონაწილეები მეუფე გერასიმეს ელოდებიან.

კომენტარები
იტვირთება...