სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში“.

ორი დღის, 25-26 მაისის განმავლობაში მესტიის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ სამ სხვადასხვა გარემოში სხვადსხვა სეზონში მოხვდნენ: სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კურორტი თეთნულდი უმასპინძლებს, ჰეშკილის ულამაზეს გარემოში კი მთის სტუმრებს დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი  სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე. ჰეშკილის ცის საქანელა კი განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის იქ ჩასულ სტუმრებს. ასევე ორი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იგეგმება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო სივრცეები, სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში,
ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი, იმღერებენ მოწვეული ჯგუფებიც.

სვანეთის მოსახლეობისთვის და მთის სტუმრებისთვის გაიმართება: უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტოგამოფენა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად შექმნილ არტ-სივრცეში კი შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველაზე ადრე სწორედ სვანეთში დაიწყება და 25 მაისს ღამის 12 საათზე სეტის მოედანზე ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება 26 მაისს ფოიერვერკით შეხვდება.
ფესტივალის მხარდამჭერები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია. ორდღიანი ფესტივალის დაწყებამდე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოციალური კამპანია წარმართა, რომლის ფარგლებშიც დამზადდა პორტრეტები სვანეთის მცხოვრებლებზე, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებზე, რომელთა შესახებაც ბევრმა ადამიანმა შეიტყო. სოციალურ ქსელში ასევე, ტრიალებდა საუკუნის წინანდელი უნიკალური ძველი კადრები სვანეთის ცხოვრებიდან, რომლებიც ასახავდა უგზოობის დროს ადგილობრივების გადაადგილებას, გზის გაყვანას, რომელშიც ალპინისტებიც იყვნენ ჩართული, ყველაზე მაღალი სოფლის, უშგულის მოსახლეობის ერთად შეკრებას პირველ ტელევიზორთან და სხვა მრავალ საინტერესო ფაქტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად