“სუსტი”, “მოუწესრიგებელი”, “შიდა კონტროლის გარეშე” – აუდიტის დასკვნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე

სუსტი, მაღალი რისკების შემცველი და მოუწესრიგებელი შიდა კონტროლის გარეშე _ ასე შეაფასა აუდიტის სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობა 2012 -2013 წლებში. 

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტორული პროცედურებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა შეფასდა, როგორც სუსტი. შესაბამისად, ოპერაციების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვის უზუსტობის რისკი განისაზღვრა როგორც – მაღალი.

 აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული არსებითი უზუსტობების რისკზე საპასუხოდ განხორციელებული აუდიტორული პროცედურებითა და მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემის შესწავლით გამოვლინდა, რომ ორგანიზაციის მიერ დანერგილი შიდა კონტროლი ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი უზუსტობების გამოვლენას ან/და მათ თავიდან აცილებას შემდეგ პროცედურებზე:

1. არაფინანსური აქტივების აღრიცხვა, საბალანსო ღირებულების შეფასება;

2.  მიღებული და გასული არაფინანსური აქტივების მოძრაობა;

3. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამის

ანგარიშებზე კლასიფიკაცია და ფინანსურ ანგარიშგებაში უტყუარად წარდგენა;

4.  კაპიტალური და მიმდინარე ხარჯების გამიჯვნა;

5.  შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;

6.  საცნობარო მუხლების აღრიცხვა;

7.  ცვეთის დარიცხვა.

 შენობა-ნაგებობები

 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების უარყოფითი მოსაზრების საფუძვლები სხვა ფაქტორებთან ერთად არის  შენობა-ნაგებობები: ფინანსურ ანგარიშგებაში "შენობა-ნაგებობების" მუხლი წარმოდგენილია 3026.2 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2012 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, "შენობა-ნაგებობების" მუხლი შეადგენს 10850.1 ათას ლარს. აღნიშნული 7823.9 ათასი ლარით მეტია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.

 დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები

 აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ  დაუმთავრებელია ძირითადი აქტივები. მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შპს "ფიროსმანისგან" შეისყიდა სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 140.9 ათასი ლარი. მიმწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა მხოლოდ 96.7 ათასი ლარის სამუშაო. დანარჩენი სამუშაოები დასრულდა 2013 წელს, შპს "ბათუმთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ბუღალტრულ გატარებებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში 2012 წელს დაუსრულებელი 96.7 ათასი ლარის სამუშაო, ნაცვლად "დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების" მუხლისა, წარმოდგენილია "შენობა-ნაგებობების" მუხლში.

 მუნიციპალიტეტი არ ამზადებდა ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ფინანსური ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმები, 2013 წლის მდგომარეობით, მოამზადდა აუდიტის მიმდინარეობის პროცესში.

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლენილი შიდა კონტროლის ხარვეზები არსებით გავლენას ახდენს 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საწყისი ნაშთების სისწორეზე. 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის წარმოდგენილი "არაფინანსური აქტივების", "წმინდა ღირებულებისა" და სხვა მუხლები.

 უკეთესი მდგომარეობა არც 2013 წელს ფიქსირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს უარყოფით მოსაზრებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე. უარყოფითი მოსაზრების საფუძველია ფინანსური ანგარიშგების ყველა არსებითი ასპექტის შეუსაბამობა შემდეგ საკანონმდებლო მოთხოვნებთან:

1. "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანება;

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული "ინსტრუქცია ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ";

3. "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;

4."საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.

5. "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის სახელმწიფო აუდიტის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის #439 ბრძანება.

 დროში დაკარგული აქტივები, ბალანსი და ცვეთა…

 2010 წელს მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს-საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან უსასყიდლოდ გადმოეცა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ღირებულებით 1899.3 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს და ბალანსში უნდა აისახოს "აქტივის მიღებად" მისი გადმოცემის წელს. როგორც შესწავლილი დოკუმენტებით ირკვევა, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული აქტივის ბალანსზე აყვანა განახორციელა 2012 წელს, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში "შენობა-ნაგებობების" ზრდის მუხლში აღნიშნული აქტივი არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, აქტივს შესაბამის პერიოდში აღიარებისას უნდა დარიცხვოდა ცვეთა. იმ მიზეზით, რომ აქტივი დაგვიანებით აიყვანეს ბალანსზე, ღირებულების განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინათ დასარიცხი ცვეთის თანხა.

აღნიშნული  გარემოება გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში   წარმოდგენილ "შენობა-ნაგებობების” მუხლის სისწორეზე.

 2012 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 55.3 ათასი ლარის საპროექტო მომსახურების შესყიდვა. როგორც ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით არის განსაზღვრული, ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. როგორც დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, საპროექტო მომსახურების ღირებულება, ნაცვლად არაფინანსური აქტივისა, სრულად აღიარებულია საქონლისა და მომსახურების ხარჯში.

 შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს და უნდა დაერიცხოს ცვეთა, რადგან საპროექტო მომსახურების ღირებულება ბალანსში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მასზე ცვეთის დარიცხვა არ განხორციელებულა. დასარიცხი ცვეთის თანხით ფინანსურ ანგარიშგებაში "ძირითადი კაპიტალის მოხმარების” მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი.

 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის წარმოდგენილი "არაფინანსური აქტივების", "წმინდა ღირებულებისა" და სხვა მუხლები. მუნიციპალიტეტმა წლის განმავლობაში მიმწოდებლებს11 საბანკო უზრუნველყოფის საფუძველზე ავანსად გადაურიცხა 110.0 ათასი ლარი. 2013 წლის ბოლოსათვის მიმწოდებლებს მიღებული ავანსის ღირებულების სამუშაოები არ ჰქონდათ შესრულებული. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის მოთხოვნა შეადგენს 110.0 ათას ლარს. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის წარმოდგენილი.

2013 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 14.5 ათასი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულ ჩანაწერებში არ არის გატარებული და არც ფინანსური ანგარიშგების „არაწარმოებული აქტივების” მუხლშია წარმოდგენილი

როგორც აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლენილი შიდა კონტროლის ხარვეზები არსებით გავლენას ახდენს 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საწყისი ნაშთების სისწორეზე. 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის წარმოდგენილი "არაფინანსური აქტივების", "წმინდა ღირებულებისა" და სხვა მუხლები.

 ვინ აგებს აღნიშნულ დარღვევებზე პასუხს და აგებს თუ არა, ამას მოგვიანებით გავიგებთ…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...