სუსი: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია

ამის შესახებ ნათქვამი სახელმწიფო უსაფრთოხების 2019 წლის ანგარიშში, რომლი პარლამეტშია გადაგზავნილი.

“საქართველოსა და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ასევე, რეგიონის გეოპოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უმთავრესი გამოწვევა და ამოცანაა. აღნიშნულისკენ იყო მიმართული სამსახურის ძალისხმევა 2019 წლის განმავლობაშიც.

ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, 2019 წელი განსაკუთრებული კომპლექსურობით გამოირჩეოდა.

უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სხვა პროცესებში ჩარევის მცდელობებს, რა დროსაც იყენებდნენ იდეოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ბერკეტებს.

საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. 2019 წელს საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებმა კრიტიკულად დაძაბა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს. ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული ოკუპაციის ანექსიური პროცესებით ჩანაცვლების პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, თანამედროვე მძიმე შეიარაღების კომპონენტების, მათ შორის, შეტევითი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები, ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები კვლავ აქცენტირებული იყო არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარების მიმართულებით. რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიული მიზნის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქმის სრულად კონტროლდებოდა როგორც დე ფაქტო უწყებების ე.წ. ფუნქციები (ე.წ. საზღვრის დაცვა, ე.წ. საბაჟო სინქრონიზაცია, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა), ასევე, ზოგადად, სამხედრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ არის პრორუსული, შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.

ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში 4,8 მილიარდი რუსული რუბლი (74,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 7,5 მილიარდი რუსული რუბლი (115 მილიონი აშშ დოლარი), რაც „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოებისათვის. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საბანკო ოპერატორების უკანონო საქმიანობა, რაც, მაღალი ალბათობით, გამოიყენებოდა უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის. ასევე, ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების ხშირი ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა, მათ შორის ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.
” – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად