სუსი: საოკუპაციო ძალების “კვადროკოპტერი” ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის “დრონს”, ორივე დაზიანდა და ჩამოვარდა

ამის შესახებ “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

“მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, განუცხადეს “აიპრესს” სუს-ში.

ცნობისთვის, დღეს ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ქართულმა პოლიციამ საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად