სუსი: ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი”.

“უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება”, – ნათქვამი სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად