სუს-მა ქუთაისში რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

“აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...