სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 78 ცხოველის ლეში გაანადგურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით. ლეში ნადგურდება ასევე 
სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). 

"დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში.სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. დღეიდან, ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებული ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო “21 საუკუნიდან“ უვარგისი პროდუქციის ამოღება და გატანა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან აიღეს სასმელი წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება", -ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად