საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში (THÉÂTRE NATIONAL WALLONIE), ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ჭოტაშვილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, „ევროპალიის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ევროპელი მაყურებელმა იხილა 75-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედება, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელს ხიბლავს. მათ თვალწინ იშლება ქვეყნის ისტორია, ბრძოლის, გმირობისა და იმედის ამბავი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში „სუხიშვილების“ კონცერტი 13 დეკემბერს საფრანგეთში გაიმართა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის გაცნობისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საქართველოს საფესტივალო პროგრამა

იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme; ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en.