“სუიციდის ტირაჟირება აღიარებაა, რაც შემდეგ მიბაძვის მაგალითი ხდება” – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

17 დეკემბერს მთელი ქვეყანა შეძრა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ისტორიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. მოზარდმა სავარაუდო სუიციდი მას შემდეგ სცადა, რაც პოლიციელებმა დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, მასზე პოლიციელებმა ზეწოლა განახორციელეს, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ან სხვა ფაქტები არ იქცეს გმირობის მაგალითად, მოხდეს პრევენცია ამ ფაქტების, არ მოხდეს სუიციდის წახალისება სხვა მოზარდებში და როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ისეთი სენსიტიური თემა, როგორიც სუიციდია? – ამ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს:

_ ვნახეთ მძიმე ტრაგედია, როდესაც 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ფაქტი არ იყოს გმირობის მაგალითად წარმოჩენილი, იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია და სხვა მოზარდებისათვის ეს არ იყოს მაგალითის მიმცემი?

_ პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გამოხატოს მწუხარება მომხდარი ფაქტის გამო. ოჯახის მიმართ გამოვხატოთ თანაგრძნობა, რამდენადაც ეს შეგვიძლია. ეს არის ამ კონკრეტულ მომენტში რაც არის განსახორციელებელი. ის, რაც უნდა გააკეთოს გამოძიებამ, გააკეთებს გამოძიება.

როდესაც ეს ყველაფერი განხორციელებული იქნება, გამოვხატავთ თანაგრძნობას ოჯახის მიმართ და საგამომძიებლო სისტემები ჩაერთვებიან ამაში ყოველგვარი ზეწოლების გარეშე, ამის შემდეგ უნდა იყოს გააზრებული და გაცნობიერებული და დადგეს მსჯელობა იმის შესახებ თუ რა პრობლემების წინაშე დგას მოზარდი და რას შეიძლება უკავშირდებოდეს. საკუთარი თავის მნიშვნელობის დაკარგვა, ეს იქნება სასკოლო ცხოვრებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარე თუ სხვა. შემდეგ აქცენტი იმაზე უნდა იყოს გაკეთებული, თუ სად არის შეცდომა დაშვებული და რატომ ვერ ახერხებენ მოზარდები და ზრდასრულები ემოციის განცდის მართვას.

_ სახელმწიფოს დონეზე რაღაცა მექანიზმი ხომ არ არის შემოსაღები, რაც ხელს შეუწყობს ასეთი ფაქტების პრევენციას?

_ არა. ეს იმდენად არ ეხება სახელმწიფოს, რამდენადაც ეხება საზოგადოებას. რის მიმართ არის შემწყნარებელი საზოგადოება? – თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოება შემწყნარებელია აგრესიის მიმართ. ვინც აგრესიას გამოხატავს, საზოგადოებაში ის არის მიღებული და დამკვიდრებული. ბილწსიტყვაობა არის აგრესია? – არის. მიღებულია საზოგადოებისგან? – მიღებულია. დაცინვა და ქილიკი არის მიღებული საზოგადოების მხრიდან? – მიღებულია. ნახეთ რა ხდება ჩვენს მედიაში.

_ როდესაც ხდება ასეთი შემთხვევები, რაც ძალიან სენსიტიური თემაა, ეს ფაქტები როგორ უნდა გავაშუქოთ მედიამ იმისათვის, რომ უფრო არ გავამძაფროთ პრობლემა?

_ მედიის საქმე არ არის, რომ დაასწროს ერთმანეთს და მედიამ ეძებოს, ვინ არის დამნაშავე. ეს უნდა ეძებონ სამართალდამცავებმა და უნდა ეძებონ თავიანთ სივრცეში. ამ შემთხვევაში ამ ამბის ტირაჟირება არ შეიძლება. მოზარდს აქვს სტრესისა და აღიარების მოთხოვნილება და თუ ასეთი საქციელი თუ მისი სტრესის აღიარებას ქმნის, ეს შემდეგ ხდება მიბაძვის მაგალითი. ფაქტობრივად ხდება ამის აღიარება.

ძველ რომში მოხდა ასეთი რამე, რომ სუიციდის ეპიდემია გაჩნდა ახალგაზრდა გოგონებში, თინეიჯერულ ასაკს რასაც ვეძახით ჩვენ. ბოლოს გადაწყვიტეს ასე, რომ გარდაცვლილი გოგონა გააშიშვლეს და შეწყდა ეპიდემია.

_ ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ აღიარებული კი არ იყო, არამედ ამან გამოიწვია სირცხვილის განცდა და შეწყდა ეპიდემია.

ჩვენთან რაც ხდება, რაც აქამდე ხდებოდა და კიდევ იმის წინ, არ არის სწორი. ვიღაც გადმოხტა თუ გადმოვარდა შენობიდან და იყო თანადგომა. დავეხმაროთ რეალურად, ოპერაცია გავუკეთოთ და ა. შ. მაგრამ არა ისე, რომ “შენ სასწაული ხარ”, ასეთი ხარ და ისეთიო. ხომ იყო ჩვენს ცხოვრებაში ამისი მაგალითი?! ფაქტობრივად გმირად შეირაცხა.

_ ეს არის გამოსავალი?

_ გამოსავალი ის არის, რომ ადეკვატურები ვიყოთ. მწუხარება გამოვხატოთ, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატოთ, მაგრამ ვიღაცა რომ გადმოხტება რომელიღაცა სართულიდან და მერე ყველა გაზეთი თუ ყველა საიტი სტატიებს უძღვნის, ეს არის წახალისება. საერთოდ, სუიციდი არის  ერთგვარი შურისძიება. ჩვენ ფაქტობრივად ეს მაღალ რეგისტრში აგვყავს და რაღაც ასეთი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად