სუბარი: მურუსიძეს მოლაშვილის საქმეზე, სულ მცირე, მორალური პასუხისმგებლობა აკისრია

"ის რომ საქართველოს პროკურატურამ თავიდან დაიწყო სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოძიება და გავა თუ არა გამოძიების ძაფი პირდაპირი მიხელ სააკაშვილამდე, ამისთვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებები. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი ძნელია ამაზე პასუხის გაცემა.  წამების ფაქტი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა." – აცხადებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი "აიპრესთან" საუბრისას. 

სოზარ სუბარი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის სანახავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი მათიას იორში და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი შეიყვანა.

"დღეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა წამებაში, რატომ არ მოხდა წამების გამოძიება, ვინ აფარებდა ხელს და ვინ უშლიდა ხელს გამოძიებას, ვისგან მოდიოდა უკანონო თავისუფლების აღკვეთა, ვინ იყო ბრძანების გამცემი და შემსრულებლები, ვინ მონაწილეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში, ანუ მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ. ამას ემატება მე-14 მუხლი, მისი პატიმრობის პოლიტიკური მუხლი. 

ეს ვერ იქნებოდა ვერცერთი დაბალი თანამდებობის პირი. ცხადია, რომ ეს პირდაპირ მიდის მიხეილ სააკაშვილთან და კიდევ 2-3 ადამიანთან, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებდნენ. აქ ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს ვგულისხმობ, მაგრამ ის, რომ გამოძიება უშუალოდ გავა ამ 3 ადამიანზე, რთულ ამოცანად მიმაჩნია. მაშინ უნდა გამოვიდეს ადეიშვილი და პირდაპირ უნდა თქვას, რომ ეს სააკაშვილის პირდაპირი მოთხოვნა. 

როდესაც სტრასბურგის სასამართლო წერს, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ისევდაისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან მივდივართ. ამ ადამიანის მიმართ არსებობს ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. 

გადაწყვეტილებები გირგვლიანი საქმეზე გამოიტანეს პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, ხოლო მურუსიძე იყო მესამე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე. როცა საქმე, სადაც ლაპარაკი იყო პროცესუალურ დარღვევებზე, იმაზე, რომ პირველი და მეორე ინსტანცია პრაქტიკულად სასამართლო არ იყო, ცხადია ლევან მურუსიძეს უნდა მიეღო სხვა გადაწყვეტილება, მას არამხოლოდ უნდა გაეუქმებინა, არამედ შეეძლო განჩინებაც გამოეტანა, რითიც პროკურატურას დაავალდებულებდა გამოეძიება პროცესუალური დარღვევებზე დაეწყო. მან ეს არ გააკეთა.

ბუნებრივია, ისიც არის ამ პასუხისმგებლობის გამზიარებელი. რა ტიპის პასუხისმგებლობა იქნება, გავა თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ეს გამოძიების თემაა, მორალური პასუხისმგებლობა ბუნებრივია მას აკისრია", – განაცხადა "აიპრესთან" სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად