სუბარი: გადასასვლელების გახსნაზე პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გადმოსვლის საშუალება ჰქონდეთ

“ერთადერთი გზა და საშუალება, რაც გვაქვს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მუდმივი ზეწოლის განხორციელება ოკუპანტზე”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადასასვლელების გახსნაზე პარტნიორებთან ერთად მუშაობს და ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს.

„საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ოკუპანტი არის მსოფლიოს ყველაზე დიდი აგრესორი. მსოფლიოში ყველაზე დიდი აგრესორი ვინც არის დღეს, ეს არის სწორედ რუსეთი. ის არა მხოლოდ თავის მეზობლებთან, არამედ მთელს მსოფლიოში, ხედავთ სირიაში რას აკეთებს, რას აკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. ცხადია, ლოგიკით, ადამიანურ ენაზე ლაპარაკი ამ ქვეყანასთან არის ძალიან ძნელი.

გზების გახსნაზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად საშუალება, თუნდაც მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ, როცა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, გადმოვიდნენ და ეს მომსახურება მიიღონ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაქსიმალურად თანაბარ დახმარებას ვუწევთ, თუმცა ოკუპანტი ძალიან ხშირად არ აძლევს მათ ამის საშუალებას. ამისთვის, ერთადერთი გზა და ერთადერთი საშუალება, რაც  ჩვენ გვაქვს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მუდმივი ზეწოლის განხორციელება ოკუპანტზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი წილკანში გააკეთა, სადაც დღეს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად